ნიუ ჰემფშირის შტატის გილფორდის პოლიციის დეპარტამენტმა ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, მერილინ მენსონის დაკავების ორდერი გასცა. 52 წლის არტისტი ამჟამად ძებნაშია. საქმე ეხება ოპერატორზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს, რაც, სამართალდამცველების ინფორმაციით, 2019 წლის 18 აგვისტოს ნიუ ჰემფშირში, The Bank of New Hampshire Pavilion-ის ღია ამფითეატრში, მერილინის კონცერტზე მოხდა. უფრო კონკრეტულად, კონცერტის გადასაღებად დაქირავებული ქალი ამტიკიცებს, რომ შემსრულებელმა მას მიაფურთხა. გილფორდის პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მენსონმა, მისმა აგენტმა და იურიდიულმა კონსულტანტმა იცოდნენ დაკავების ორდერის შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად, არტისტი ბრალის წარდგენის სხდომაზე არ გამოცხადებულა.
“სავარაუდო თავდასხმა სექსუალური შინაარსის მატარებელი არ არის, როგორც ამით არაერთი მედიასაშუალება დაინტერესდა ბატონი უორნერის მისამართით გამოთქმული სხვა ბრალდებების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ოპერატორი სცენის სიახლოვეს იმყოფებოდა. როგორც გაზეთი The Boston Globe იუწყება, ბრალდება ადგილობრივ კანონმდებლობას ეფუძნება და მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიაში გადის. მენსონის ადვოკატმა, ჰოვარდ კინგმა ამ თემაზე კომენტარი გამოცემა NME-ის მისცა:
“მერილინ მენსონის კონცერტზე დამსწრეთათვის საიდუმლო არ არის, რომ მას სცენაზე პროვოკაციულად მოქცევა უყვარს, განსაკუთრებით კამერის წინაშე. მანამ ოპერატორი პოლიციას მიმართავდა, ის მერილინისგან $35 000-ზე მეტს მოითხოვდა, რადგანაც მუსიკოსთან მიახლოებისას ცოტაოდენი სისველე მოხვდა. როდესაც რაიმე სახის ზიანის საჩვენებელი მტკიცებულებების წარდგენა მოვთხოვეთ, მისგან პასუხი აღარ მიგვიღია. ეს პრეტენზიები სასაცილოა, მაგრამ ჩვენ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ ისევე, როგორც ამას წარსულში ვაკეთებდით”.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერილინს მაქსიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა, ანაც ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, მუსიკოსის მიმართ ათობით ბრალდება გამოითქვა იმ ქალების მიერ, რომელთაც მერილინთან პირადი, ანაც სამსახურებრივი ურთიერთობები აკავშირებდათ. ისინი ძირითადად სექსუალური ძალადობის ფაქტებს უკავშირდება და მათზე მოკვლევა მიმდინარეობს.
ბრაიან უორნერმა, იგივე მერილინ მენსონმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს დაიწყო. მისი ფსევდონიმი Marilyn Manson ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს სახელისა და ცნობილი დამნაშავის, ჩარლზ მენსონის გვარის კომბინაციაა. სკანდალური იმიჯით გამორჩეულმა მუსიკოსმა წარმატებას მეორე სტუდიური ნამუშევრის Antichrist Superstar გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის 3 ალბომს პლატინის სტატუსი აქვს მოპოვებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია The Beautiful People და ინგლისური ბენდების Depeche Mode და Eurythmics ქავერები Sweet Dreams და Personal Jesus.
წყარო : https://popmusic.ge
ამავე თემაზე ; https://popmusic.ge/










