სალხინოს მამათა მონასტრის უკვე ყოფილ წინამძღვარს მამა დანიელს მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მიცემული ვადა დღეს ამოეწურა.
როგორც ჭყონდიდის მონასტერში საკვირაო ქადაგებაზე მეუფე სტეფანემ განმარტა, მან იღუმენი დანიელი მონასტრიდან განკვეთა.
„სინანულით ნებისმიერი ადამიანი უბრუნდება ქრისტეს. როცა მღვდელმთავარი უცერემონიოდ პატრიარქს ბრალს დებს, ამის შესახებ არ უნდა იყვირო, მოხვიდე და მოიტანო ბრალდება. ბრალდებები ისმის ყოველ წუთში, ეს არის სიტყვის თავისუფლებით შენიღბული. როცა შენ ხარ მღვდელი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს,”- განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, ეკლესიაში არის სამი დასი. ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. ეს სამი დასი ერთმანეთთან სუბორდინაციაში უნდა იყვნენ.
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მედიას მუშაობის სტილზე უსაყვედურა და მის მიერ დაწერილი გზამკვლევი დაურიგა.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მამა დანიელს სალხინოს მონასტრის ობიექტების გასაღებები მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა განკვეთით.
თავის მხრივ, მამა დანიელი მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანების შესრულებას არ აპირებს და არც სალხინოს რეზიდენციის დატოვებას გეგმავს.
საუბარია სალხინოს ღვინის მარანზე და რეზიდენციაში არსებულ სხვადასხვა ობიექტებზე. ყოფილი მღვდელი მეუფე სტეფანეს კორუფციაში ადანაშაულებს და საეკლესიო კანონებს ახსენებს.










