საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულებისა და მინსკში დაშვების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მგზავრების იძულებით დაკავება სრულად მიუღებელია.
„მივესალმებით Ryanair-ის რეისის უსაფრთხო დაჯდომას თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე – ვილნიუსში, ლიეტუვაში. მოხარულები ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებით დაკავება სრულად მიუღებელია“, – აღნიშნულია საგარეო უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.