როცა.. არ უნდა მივსულიყავი მათ ოჯახაში, ჩემოდნებზე იჯდნენ
– მივდივართ სულას დავენაცვლე, მივდივართ
– სად მიდიხარ ისაკა ძია…?! – ვეკითხებოდი ღიმილით
ველოდებოდი ამ კითხვაზე, არაერთხელ გაცემულ პასუხს
იგრძმობოდა სიმტკიცე, შორეული მონატრება, იმედი, სიყვარული
და მაინც… ვერ ვიჯერებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს, თბილისზე უგონოდ შეყვარებილი კაცი –
ოდესღაც… თავის ნალოლიაევ ბუდეს აშლიდა და მართლა წავიდოდა
– სად და ისრაელში, აღთქმულ მიწაზე – მეტყოდა ხოლმე თავდაჯერებულად
შემდეგ… სევდიან თვალებს სარკმელისკენ გააპარებდა და სოლოლაკის ქუჩებში ფიქრებთან ერთად იკარგებოდა
– ისაკა ძია, ბილეთებს რომ აიღებ არ გამომაპარო
– ეეეჰ… იცინე, იცინე და აგერ ნახავ შენა
ზუსტად… არ მახსოვს, რამდენმა წელმა განვლო ასე
ერთ დღესაც… ისაკამ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა:
– რას იზამ, არ გამაცილებ ბიჭო…?!
– საად, ისაკა ძია…?!
– ისრაელში მივდივართ
აეროპორტში, ცრემლიანი თვალებით დამხვდა
ხელკავი გამომდო, ცალკე გამიყვანა და დაბალი ხმით ჩამჩურჩულა:
– მგონი… მართლა მივდივართ ბიჭო
– ჰოო… მართლა – ვუპასუხე და ყელში გაჩხერილი ბურთს, რომ არ დავეხრჩე, მხრებზე მთელი ძალით მოვხვიე მკლავები
– გახსოვს ყვავილებისთვის ფული, რომ მთხოვე და ვერ მოგეცი…?! მართლა, არ მქონდა
ვარდები, რომელიც პაემანზე წასვლის წინ მოგიტანე დედაჩემის საფლავზე მოკრეფილი იყო
დედის საფლავს მიმიხედე, ბიჭო
რაც თავი მახსოვს ყოველ მეორე დღეს ისრაელში ბრუნდებოდა და ახლა აქ ვტოვებ
ძილის წინ, ყველას სათითაოდ გვკოცნიდა შუბლზე და გვეუბნებოდა:
ხვალ… აუცილებლად დავბრუნდებით, იერუშალაიმში
მაშინ მივხვდი, ისაკა ძიას მონატრებული, იმედიანი “ხვალე” სად, როდის და როგორ დაიბადა –
ან რა ძალამ შეაყვარა ქვეყანა, რომელიც თვალითაც არ ენახა –
და მაინც… ყოველ წუთს, მისი სიყვარულით სუნთქავდა
*** უთხარით, ყოველ დღე უთხარით შვილებს, რომ ხვალ სოხუმში დავბრუნდებით
P.S. აი… ასეთი საქართველო გვიყვარს, ჩვენ