2021 წლის 7 იანვარს ანტალიაში მცხოვრები 31 წლის ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა მელექ იფექი, ქმრისგან, რამაზანისგან კიდევ ერთხელ გახდა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მელექი ქმრისგან ძალადობას 12 წელი ითმენდა. 8 იანვარს მელექმა თავისი ქმარი მოკლა. მელექი 9 იანვარს დააკავეს.
ეს საქმეც ისე იქნებოდა დავიწყებული, როგორც სხვა ბევრი, მაგრამ თურქეთში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოყვა. მელექს უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა.
11 იანვარს მელექის ადვოკატმა, აჰმეტ ონარანმა საზოგადოებას მელექის ნათქვამი გადასცა:
„ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მას სოლიდარობას უცხადებს. მელექი ამბობს, რომ მალე სამართალი აღდგება და ის შვილებთან დაბრუნდება. როდესაც ვკითხე როგორ გრძნობდა თავს ციხეში, მან შემდეგი რამ მითხრა: „ამაღამ მაინც არავინ მცემს“. ეს საშინელი პასუხი. როდესაც მელექის შვილებმა მამის სიკვდილის შესახებ გაიგეს, ასეთი რამ თქვეს: „მამაჩვენი უკან აღარ დაბრუნდება, ასეა ხო? რა მაგარია, ის აღარ გვცემს“.
მელექის ჩვენებიდან ამონარიდს ერთ-ერთი გამოცემა ავრცელებს:
„ჩემს შვილებზეც ძალადობდა. მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, რადგან ძალიან მეშინოდა. ის მემუქრებოდა, რომ ბავშვებს მოკლავდა. რამდენიმეჯერ მინდოდა, რომ საჩივარი შემეტანა, მაგრამ რამაზანი დამემუქრა, რომ ბავშვებს მოკლავდა. ვიცოდი, რომ ამას იზამდა, რადგან რამდენიმე თვის წინ ძალიან მცემა, თან მემუქრებოდა: „მოგკლავ და შენს ხორცს ძაღლებს ვაჭმევ. ასე რომ, შენს კვალს ვერავინ მიაგნებს“.
2021 წლის 26 აპრილს სასამართლომ მელექი უდანაშაულოდ ცნო და მისი ქმედება თავდაცვად მიიჩნია.










