რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო, მათ უკან დაიხიეს და ტერიტორიაზე გადაადგილებას მშვიდობიანად ითხოვდნენ.
გოლეთიანი სამართალდამცველებისგან განმარტებებს მოითხოვს, რის საფუძველზე შეუზღუდეს რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების უფლება.
“ყველამ ნახა, რომ ჩვენ ხელებაწეულები ვცდილობდით, რომ საკუთარ ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გავიაროთ და პოლიცია იყენებს ძალას. არ ინდობს არც ბავშვებს არც ქალებს, ვინც ამ პროტესტში მშვიდობიანად მონაწილეობს.
ჩვენ განწყობილი ვართ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არავისთან არ შევიდეთ და როცა შევხედეთ, რომ ისინი არ ინდობენ ბავშვებს, რისკზე ვერავის ვერ შევაგდებთ და დავიხიეთ უკან.
მაგრამ ვითხოვთ ახსნა-განმარტებას, რომელი კანონის საფუძველზე გვეკრძალება საკუთარ მიწაზე გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი”,-თქვა გოლეთიანმა.
ცოტა ხნის წინ რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველები რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავენ და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.










