“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ნამოხვანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას არვცელებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილების კონსტიტუციურ უფლებებს.
“სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას”, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას:
- შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა;
- “რიონის ხეობის მცველებს” მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა;
- ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს.
ამავე თემაზე დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ადგილზე გადაადგილების თავისუფლება უნდა აღდგეს და აქციის მონაწილეებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს ნამოხვანში შეკრების უფლება უნდა მიეცეთ.










