“ჩვენ დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ ყველა იმ ღონისძიების აღსრულების გამკაცრებაზე, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ტიკარაძის თქმით, ერთი წლის შემდეგ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ქელეხები და ქორწილები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეპიდემიაზე.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში თანაბრად მკაცრად იყოს დარეგულირებული სიტუაცია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეპიდემიაზე. აქედან გამომდინარე, წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როდესაც არ იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკული”, – თქვა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, “საქართველოს მთავრობას არ უნდა, რომ მკაცრ შეზღუდვებს მიმართოს” და “ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება”.









