გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებზე ტვინის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოცადეს, რომელმაც კიბოს უჯრედების ზრდა შეაჩერა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია წარმოდგენილი.
მეცნიერებმა ვაქცინა ტვინის კონკრეტული სიმსივნის, დიფუზიური გლიომის სამკურნალოდ შექმნეს. ქირურგიული ჩარევით მისი მოშორება საკმაოდ ძნელია, ქიმიო და რადიოთერაპია კი ხშირად არაეფექტიანია. ამის მიუხედავად, მას ერთი სუსტი წერტილი აქვს – კიბოს უჯრედები პაციენტების 70 პროცენტში მუტაციას განიცდიან, რაც IDH1-ის სახელით ცნობილი ფერმენტების სტრუქტურის ცვლილებას იწვევს. შედეგად, ისინი ახალი სახის ცილებად, ნეოეპიტოპებად გარდაიქმნებიან, რომლებიც მხოლოდ დაავადებულ ქსოვილში გვხვდება, ანუ იმუნური სისტემისთვის უცხოა. მკვლევართა მიერ დამზადებული პრეპარატი ორგანიზმში სწორედ მათი განადგურებისთვის საჭირო ანტისხეულების წარმოქმნას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა ვაქცინამ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას დადებითი შედეგი აჩვენა, ამიტომ მეცნიერებმა მისი ადამიანებზე გამოცდა გადაწყვიტეს. ტესტირების პირველ ეტაპზე მათ პრეპარატი დიფუზიური გლიომის მქონე 33 ინდივიდს შეუყვანეს, რომლებიც პარალელურად ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას განაგრძობდნენ. სპეციალისტთა განცხადებით, სასურველი იმუნური რეაქცია პაციენტების 93 პროცენტში გამოვლინდა, რომელთა ორგანიზმშიც სახეცვლილი ფერმენტების განადგურების ფუნქციის მქონე T ლიმფოციტები დიდი რაოდენობით გამომუშავდა. ცდისპირთა 84 პროცენტი ინიექციიდან 3 წლის შემდეგ ცოცხლად გადარჩა, მათ 64 პროცენტში კი ამ დროის განმავლობაში კიბოს უჯრედების ზრდა შეჩერდა. კვლევის ფარგლებში გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
ნაშრომის ავტორთა თქმით, მათ მიერ შექმნილი ვაქცინა იმედის მომცემია, თუმცა საფუძვლიანი დასკვნების გამოსატანად უფრო მასშტაბური ცდების ჩატარებაა საჭირო. ტესტირების მეორე ეტაპზე ისინი პრეპარატის გამოყენებას იმუნოთერაპიასთან ერთად აპირებენ, რაც მკურნალობას უფრო ეფექტიანს გახდის.
POPX.GE










