ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა.
როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
„უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერანაირად ვერ დასაბუთდება კანონის შესაბამისად. ეს არის ის, რომ ბიძინა სტურუა უახლოეს პერიოდში ალბათ დაინიშნება უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილერბის სანაცვლოდ.
არ ველოდი, როგორ შეიძლება ველოდო ასეთ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის? რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში, არაფერში არ ჯდება ეს. ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს – არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.









