27 წლის აკაკი აბრამიშვილი, რომელიც საკუთარი მშობლების და ბებიის მკვლელობაშია ბრალდებული, დანაჩაულის ჩადენამდე სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას გეგმავდა.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის მეზობლები უყვებიან. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო პერიოდში ძალიან დეპრესიული იყო, რის გამოც მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები განივითარდა.
„რამდენჯერმე უთქვამს, რომ თავი უნდა მოვიკლაო. ამას სერიოზულად გეგმავდა და არც მალავდა. ეუბნებოდნენ, რომ ნუ ხარ ასე განწყობილი, ყველა მხარში ედგა, როგორც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ აი, ასეთი თავზარდამცემი ამბავი მოხდა“, – ყვება ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
გამოძიების ინფორმაციით, აკაკი აბრამიშვილმა მშობლები – 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი და 61 წლის გურამ აბრამიშვილი, ასევე 86 წლის ბებია, პისტოლეტით დახოცა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, აკაკი აბარამიშვილი მკვლელობის დღეს ქუჩაში ველოსიპედით მოძრაობდა და მისთვის აღელვება არ შეუმჩნევიათ.
„ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა. აღელვება არ შემიმჩნევია. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით,” – თქვა „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთმა მეზობელმა.
გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.
თავად აკაკი აბრამიშვილმა, თბილისის ერთ-ერთი სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობდა კიდეც. თუმცა მოგვიანებით მან სამსახური მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბრამიშვილი უკვე დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.