ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის მარიამ მამასახლისი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმის მზია გერგედავას ინფორმაციით, 11 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. მას კვლევები და მკურნალობა უტარდება.
„ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. კონტაქტურია, ადექვატურია“, – განმარტა გერგედავამ.
შენობა ზუგდიდში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და ბავშვი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.










