კოვიდ 19-ის ვაქცინების შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას ვღებულობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ”ფრთხილი ოპტიმიზმით არის განწყობილი”, რომ ვაქცინები უახლოეს თვეებში მზად იქნება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ „თვითკმაყოფილების დრო არ არის.“
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განმარტებით, იმისთვის, რომ ნებისმიერი ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, დრო არის საჭირო, კოვიდ 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მატულობს.
”ის ქვეყნები, რომლებიც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად არ მოქმედებენ, ცეცხლს ეთამაშებიან,“ – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ეკონომიკების გახსნის უსწრაფესი გზა ვირუსის დამარცხებაა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განსაკუთრებული შეშფოთება ევროპასა და ამერიკაში შექმნილი ვითარების გამო გამოხატა. სადაც, მისი თქმით ჯანდაცვის სისტემები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებიან.










