სიცოცხლის კიდევ ერთი მეხოტბე წავიდა…ალბათ,იმიტომ,რომ მიწიერი არასდროს ყოფილა…სულ იქ იყო,სულ მეცხრე ცის თავზე – სოციალურ ქსელში ოთო დანელია თამუნა კუპრავას შესახებ წერს:
“მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ქანთრის სტილში ჩაცმული გოგო შემოვიდა და მე მიკითხა.
ჟურნალისტიკის წრეზე მინდა ვიაროო,მითხრა.
იარე-მეთქი და გავუღიმე.
რამე დავალება მომეციო.
ჯერ ადრეა,რაღაც თეორიული საკითხები ჩავიწეროთ და მერე ინტერვიუც გააკეთე-მეთქი.
მე განსხვავებული აზროვნება მაქვს და ჩემს თავთან ინტერვიუც ყოველდღე მაქვსო…
იმ დღეს დიდხანს ვისაუბრეთ.
ახლა წავალ და ხვალ ინტერვიუსაც მოგიტანო.
მოიტანა.
გაოცებული ვკითხულობდი პატარა გოგოს გასაოცარ აზრებს.
საკუთარ თავთან საუბარში კარგად ჩანდა მისი ცხოვრება.
წერდა,როგორ უყვარდა,როგორ კარგავდა,როგორ უყვარდა ისევ,უფრო გაგიჟებით,უფრო მძაფრად…დრამა,დრამა,დრამა…
საიდან ასეთი სიღრმე-მეთქი,გავიკვირვე.
ასე იცის ზღვარგადასულმა სიყვარულმაო…
მაშინ 17 წლის იყო…
გული მწყდება,რომ ის პირველი ინტერვიუ არ დავიტოვე…ალბათ, თვითონაც არ შეინახა…
მერე სიყვარულმა მეცხრე ცაზე ხელი შეავლებინა და იქ დატოვა…
არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე…
მე არ მახსოვს,მიწიერი ყოფილიყო,მით უმეტეს,რაც დედა გახდა.
სულ მაღლა იყო,ერთი თავით მაღლა და ეს ეტყობოდა…
სიყვარულს უერთგულა,რაღაცნაირად მონაზვნურად შეეწირა ამ დიად გრძნობას.
შურისძიების იარაღადაც რომ სიყვარულს გაიხდი,ძალიან ძლიერი უნდა იყო,ტიტანურად ძლიერი.
მხოლოდ დედა კი არ იყო ძლიერი,ქალიც ძლიერი იყო…
როგორ ეტყობოდა კოჭებში ეგ…მაშინ,პირველად რომ გავიცანი ქანთრის სტილში ჩაცმული გოგონა,ვიცოდი,რომ ერთხელაც ამ სიტყვებს დამაწერინებდა,მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი,რომ გამოსათხოვარ წერილში…
ვერაფერს ვამბობ,გაოგნებული ვარ,სიცოცხლის კიდევ ერთი მეხოტბე წავიდა…ალბათ,იმიტომ,რომ მიწიერი არასდროს ყოფილა…სულ იქ იყო,სულ მეცხრე ცის თავზე…
მშვიდობით,თამუნა!
უფალს ებარებოდე!
” – წერს ოთო დანელია ფეისბუკზე.თამარ კუპრავას გარდაცვალების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.