,,ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი მედეა მეტრეველის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” მთავრობა თავისი უმოქმედობით, თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს. მისი თქმით, დანაშაულის ტოლფასია გელათის გარშემო შექმნილი მდგომარეობის ტექნიკურ ხარვეზად შეფასება.
მედეა მეტრეველი მოუწოდებს განათლების და კულტურის სამინიტროს დროულად აიღოს მართვის სადავეები ხელში ძეგლის გადასარჩენად.
„ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, წაშალა ოქროს მოპოვების ტრადიციის ისტორიული კვალი ჩვენს ქვეყნაში და ახლა უკვე, თავისი უმოქმედობით თუ მავნებლური არაკომპეტენტურობით ყოველდღიურად გვაყურებინებს გელათის ჩამოშლის უმძიმეს პროცესს. ვითარება, რომელიც შესაძლოა ქართული კულტურისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდეს, სრულებით არაადეკვატურად იმართება ხელისუფლების მიერ. დაგვიანებული რეაგირება, გულგრილობა, საჯაროობის ნაკლებობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა არის ის მთავარი მიზეზები, რის შედეგადაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მთავარი ტაძრის და წმ. გიორგის ტაძრის უნიკალური ფერწერა და ქვა ნადგურდება. კულტურის სამინისტრო თავს ანგარიშვალდებულადაც არ გრძნობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მთავრობის გეგმის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ არც არსებობს და პროცესები მხოლოდ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ერთი უწყების იმედად არის მიტოვებული,”- განაცახადა მედეა მეტრეველმა.
მეტრეველი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილ ვითარებაზე ,,ICOMOS საქართველო”-ს მიერ 12 ოქტომბრის შეფასებასაც გამოეხმაურა. სადაც ნახსენებია, რომ „სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს საჭირო რესურსების მობილიზება კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის“.
,,მოვუწოდებთ საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს, დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები, აიღოს სრული პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად, რომელიც სრულად მიტოვებულია ხელისუფლებისაგან, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე დგას და რაც მთავარია სჭირდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა, რისი რესურსიც სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების ჩართვა რესტავრაციის პროცესში.
ICOMOS საქართველო-ს შეფასებით „საქართველოს მწირი და არადამაკმაყოფილებელი გამოცდილება აქვს საეკლესიო ხუროთმოძღვრების კრამიტით რესტავრაციის საკითხებში“ და, ამ მიმართულებით, განსაკუთრებით საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ექსპერტიზა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი უმოქმედო დღე საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სასწრაფოდ უნდა მომზადდეს ტაძრების სრული გადახურვის კონსტრუქცია, რაც უზრუნველყოფს მათ დროებით დაცვას,”- აღნიშნა მედეა მეტრეველმა.
,,ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაასაჯაროვოს გელათის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრების რესტავრაცია-კონსერვაციის სრული პროექტი, სააგენტოს 2017-2019 წლის ანგარიშები, 2017-2020 წლების სააგენტოს მონიტორინგის და ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები, წმ. გიორგის ტაძრების დროებითი გადახურვების სრული პროექტი და სხვა დეტალი, რაც ამ საქმეს უკავშირდება.
ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” პრესსამსახური ავრცელებს.










