საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კოვიდ19-თან ერთად, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ.
„ამჟამად 52 პაციენტია გარდაცვლილი, გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევაა. ორივე პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო – 88 და 82 წლების, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ ცენტრში ამჟამად 33 პაციენტი იმყოფება, თუმცა, ახალი პაციენტების მიღებას ელიან.
„რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, დღეს დილისთვის არის 33 პაციენტი, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაემატება. ამ პაციენტებიდან 3 გახლავთ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში“, – განაცხადა ენდელაძემ.