იოსებ კენჭაძე – ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
დაბადების თარიღი: 1990 წლის 13 აპრილ
დღეს მე გადავწყვიტე, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სამართლებრივი, სოციალური თუ პიროვნული გამოცდილება ხალხის სამსახურს დავუკავშირო და ქუთაისელი ხალხის ხმა, მთავარი ინტერესი გავაჟღერო პარლამენტში.
მე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ კენჭაძე, პოლიტიკური პარტია ,,მოქალაქეები”-ს წარმომადგენელი, დავიბადე ქუთაისში, 1990 წლის 13 აპრილს. ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ბავშვობა გავატარე ისე, როგორც ბევრმა, – რამდენიმე თაობისგან ზრუნვით. დედა – ნინო ტურაბელიძე, ინგლისური ენის სპეციალისტია და დღემდე მის გარშემო ახალგაზრდების ცვლაა, სწავლის და წიგნთან სიახლოვის განწყობა. მამა- ლევან კენჭაძე, ხასიათით- კლასიკური ქუთაისელი, იუმორით სავსე, მეგობრულ, სტუმრიანი. ძმა- ვახო კენჭაძე, ჩემზე უფროსი და ჩემი მაგალითი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. ვახომ და მისმა მეგობრებმა პირველად განახორციელეს ქუთაისში ამერიკელი მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანა საკუთარი ძალებით. მათ მოინდომეს ცხინვალელი ახალგაზრდების ინტეგრირება ჩვენს ახალგაზრდებთან, გააჩინეს ახალი ურთიერთობების ისტორია, რასაც კონფლიქტის ზონაში პერსპექტივის უპრეცედენტო წარმატება ჰქონდა. წერდა ეკონომიკურ ბლოგებს პრესაში, რაც საზოგადოებისთვის ბევრად უფრო ადვილად გასაგებს ხდიდა რეფორმების აუცილებლობას. ამ ყველაფრის ფონზე ვყალიბდებოდი სკოლის მოსწავლეობისას, დავამთავრე მე – 13 სკოლა ქ. ქუთაისში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მე 10 კლასში გადავწყვიტე მესწავლა გერმანიაში, პატარა ქალაქ ფოლკლინგენში. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ამ ასაკში საზღვარგარეთ თვითდამკვიდრება. თუმცა, იმდროინდელ საქართველოში ამის უნიკალურ საშუალებას იძლეოდა ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრი, სადაც ამარჩიეს კონკურსში გამარჯვების შედეგად. ეს იყო ერთადერთი ლეგალური გზა ევროპული გამოცდილების მისაღებად. სწორედ მაშინ, გარდატეხის ასაკში, შევითვისე ევროპული მენტალობის ყველაზე ძვირფასი და ფუნდამენტური ღირებულებები: სამოქალაქო ღირსების გააზრება და მუდმივ განათლებაზე ორიენტირების უნარი.
ჩემი პროფესიული გამოცდილება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 2007 წელს ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მეგობრებთან ერთად საქართველოში დავარეგისტრირეთ და საფუძველი ჩავუყარეთ ევროპელი იურისტების ყველაზე დიდ გაერთიანებას „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო“ (ELSA) ,რის შედეგადაც ჩვენ ევროპის იმ დიდ ოჯახს შევუერთდით, რომელიც 50-მდე სახელმწიფოს 300 უნივერსიტეტს აერთიანებს.
ვფიქრობდი, რომ ეს აქტივობა მხოლოდ თბილისით არ უნდა შემოფარგლულიყო და დიდი მონდომების ხარჯზე ELSA -ს ლოკალური წარმომადგენლობა ქუთაისშიც დავაფუძნეთ 2011-2012 წლებში. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოყალიბდა წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიული ერთობა , რომლითაც დღემდე ვამაყობ. ამ გზით, ნამდვილად შეიქმნა უპრეცენდენტო საშუალება ქართველი იურისტი სტუდენტებისთვის, როგორც ევროპული სასწავლო გამოცდილების მისაღებად, ასევე პროფესიული გადამზადება- დასაქმების წინაპირობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩემ მიერ დაგროვილი გამოცდილება, მიუხედავად ჩემი ასაკისა, ასოცირდება არა მხოლოდ სამართლის დარგში საქმიანობასთან, ის, ცალსახად, მოიცავს ჩემივე განვლილი ცხოვრების მრავალფეროვან ასპექტებს, როგორიცაა შემდეგი: წლების მანძილზე არაერთი სტუდენტური სასწავლო პროგრამით ვიყავი გერმანიაში, ჩავატარე ათეულობით ტრენინგი მენეჯმენტის, ლიდერობის (leadership), ადამიანის უფლებების თემებზე. 2009 -2012 წლების განმავლობაში, როდესაც ვიყავი ელსას ბორდის წევრი და ბოლოს მისი გენერალური მდივანი საქართველოში, 50 დამოუკიდებელი პროექტი განვახორციელე „ELSA”-ს ეგიდით, რომელშიც შედიოდა სამართლის სკოლები, კონფერენციები, პროფესიული-სასწავლო პროგრამები, პირველებმა დავიწყეთ იმიტირებული სასამართლოს პროექტი და სხვა. 2014 წელს გავხდი აწსუ-ს მაგისტრატურის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული საჯარო მმართველობის სპეციალობით. ვფიქრობ, განათლების მიღება ეს ის უწყვეტი პროცესია, რომელზეც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვამბობ უარს, რისი ნათელი მაგალითიცაა ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსი, რომელიც ახლახანს გავიარე, ასევე დავეუფლე ახალ პროფესიას – მედიაციას.
იქედან გამომდინარე, რომ სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი დამიგროვდა, აქტიურად ვმუშაობდი საერთაშორისო ცენტრის პროექტზე, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოში (UNESCO) -ს ძეგლების კონსერვაციაზე. კერძოდ, გელათის ტაძრის კონსერვაცია, სადაც დაკავებული მქონდა ადგილობრივი მენეჯერის პოზიცია გელათის კონსერვაციის პროექტზე 2015-2017 წ.
რაც შეეხება ჩემს , როგორც იურისტის, უფლებადაცვით საქმიანობას, 2016 წლიდან ვხელმძღვანელობ იურიდიულ კომპანიას „ამბრელა სერვის გრუპ,” რომელიც ეწევა იურიდიულ დახმარებას და კონსულტაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლიდან 2020 წლამდე ვიყავი საინვესტიციო და ბიზნეს კონსულტანტი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია “IMFOSA” – ში, ბადენ-ბადენში, გერმანია. დღესდღეობით ვარ საქართველოში ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, ვინც ევროპელი ინვესტორების დაინტერესებას ახდენს საქართველოთი, ხშირ შემთხვევაში, ქუთაისის და იმერეთის შესაძლებლობებით.
ვფლობ 3 უცხო ენას თანაბრად და კარგად – რუსულს, ინგლისურს და გერმანულს.
ცხოვრების წესად ვირჩევ – ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბავშვობიდან აქტიური სპორტით ვარ დაკავებული. ძალოსნობა ჩემი გატაცება იყო, ვთამაშობდი ფეხბურთს, ამჟამად, მიყვარს ცურვა და მთაში ლაშქრობა. დავამთავრე #1 სამუსიკო სკოლა კლასიკური გიტარის განხრით. ბოლო წლებში შევქმენი ჩემი ღვინის ბრენდი, რომელიც, ასევე, საყვარელ საქმედ იქცა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი შვილი: ნიცა და ვახო. ისინი ჩემს მშობლიურ სკოლაში სწავლობენ, ქუთაისში.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ თამამად განვაცხადებ, რომ პოლიტიკაში შემოსვლა გადავწყვიტე იმავე ენერგიით. ვიცი, შემიძლია მეტის გაკეთება ჩემი ქალაქისთვის, რაშიც ხელს მიწყობს ახალგაზრდული სულისკვეთება.
არ ვედარები არც 16 წლის დავით აღმაშნებელს, რომელიც ბრწყინვალე მეფე იყო და, ბუნებრივია, ვერც მაკედონელი დაასრულებდა განუმეორებელ მოღვაწეობას 26 წლის ასაკში, რომელმაც იმ მასშტაბითა და შინაარსით ვერცერთ ეპოქაში ვერ იპოვა მსგავსი შესაძლებლიბებით აღსავსე მემკვიდრე.
მზად ვარ, ვიარო წინ სუფთა წარსულით ახალგაზრდული გამბედაობით, რწმენით და თქვენი გამოცდილების გადააზრებით. მიზანი ყველას ერთი გვაქვს – უკეთესი საქართველო! უკეთესი მომავალი ქუთაისს!