პირველი პრობლემა, ძირითადად, ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არათუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას და ამიტომ გვექცევიან, როგორც ნეოკოლონიალურ სახელმწიფოს. მეორე მხრივ ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიალისტებს აღვიქვამთ მეგობრებად.
მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი – ეს არის თავისუფალი ადამიანი… ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, ყოველი ადამიანი აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას „თავისუფლებისათვის გაგანთავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“…
გულის სითბოს და აზრის ნათელს ქართველთა, მზე – საქართველოს, აზროვნების გასაჭირის ავი ღრუბელი შემოხვევია და ძველებურად ვეღარ ანათებს, ვეღარ ათბობს, ვეღარ ბრწყინავს.
დღეს „საქართველო დაჭრილი მზეა“ !!!
მიუხედავად მცდელობისა, ქვეყანა განვითარებულიყო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ნორმების შესაბამისად – ქვეყანაში სისტემური კრიზისია!
ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ, ძირითადად, გარედან თავსმოხვეული, საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები.
რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები.
ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგებოდა.
ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში, ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება _ გაქცეულიყო პოლიტიკაში. ჩვენ არ მოგვწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 20 -ზე მეტი წელია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის.
ინტელექტი და ბიზნესი – აი, ორი საყრდენი, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები და რომელთა წყალობით უნდა მოხდეს საქართველოს სრული რეინტეგრაცია მსოფლიოს ერთა დიდ ოჯახში.
ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად, სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა შემოვიდნენ, ვისი მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრისადმი, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.
ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ეს მით უმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ სამართლიანობის დადგენის უაზროდ გაჭიანურების ფონზე ჯიუტად გრძელდება ერის წინაშე დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციისა და მასთან კოჰაბიტაციის რეჟიმი, რაც სულ უფრო ხელშესახებს ქმნის „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩენას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებას.
ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ–სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.
ქართული სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორია დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვიდექით ცივილიზაციის სათავეებთან და მუდმივად ვიყავით ცივილიზაციის მწვერვალზე.
მემკვიდრეობითობის ამ ქართული განწყობიდან გამომდინარე, „ქართული დარბაზი“:
ერთი მხრივ, ეს არის – უფროსი თაობის ანდერძი შემდგომი თაობებისადმი: „გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!“
მეორე მხრივ, ახალგაზრდა თაობებისათვის, ეს არის ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების დაცვა-შენარჩუნება გლობალიზაციის ურთულეს და უმძიმეს პერიოდში.
ყველას კი გვაერთიანებს – საქართველო უპირველეს ყოვლისა!
მოქმედების დროა!