ვითხოვთ სრულფასოვან განათლებას! ახალგაზრდები უსამართლობის წინააღმდეგ! დასრულდეს ახალგაზრდების მოტყუება! აღდგეს სწავლა სასწავლო დაწესებულებებში! – ამ სლოგანებით ქუთაისის ახალგაზრდა ,,ლეიბორისტები’’ სწავლის დაწყების გადავადებას აპროტესტებენ. მათ აქცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთანგამართეს და მოითხოვეს განათლების მიღება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდეს.
,,სწავლა პირველ ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, ახლა გვეუბნებიან 19-ში დაიწყებაო, რაც ტყუილია. მთავრობა სპეციალურად აჭიანურებს დროს. იოლი მისახვედრია რატომ აკეთებენ ამას. პანდემიის შიშის გამო შეიძლება არჩევნებზე ბევრი ვერ მივიდეს, რაც მთავრობისთვის ხელსაყრელია. ეს არის გზა იმისა, რომ გააყალბონ არჩევნები. გარდა ამისა, მასწავლებლები და ლექტორები ჩართული ჰყავთ საარჩევნო კამპანიაში და პარტიულ აქტივად იყენებენ’ – განაცხადა ახალგაზრდა ,,ლეიბორისტების’’ ხელმძღვანელმა, გაგი ახალაძემ.
მისი თქმით მაგალითებმა აჩვენა, რომ ონლაინ სწავლება არ არის ხარისხიანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლებმა და უნივერსიტეტებმა რეგულაციების დაცვით განაახლონ სასწავლო პროცესი. მისი თქმით, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ვირუსთან ერთად ცხოვრებას და გამოიმუშავოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური იმუნიტეტი.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, საქართველოში უნივერსიტეტები მუშაობას 19, ხოლო ბაღები 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. მანამდე მთავრობა სასწავლო პროცესის დაწყებას პირველი ოქტომბრიდან აანონსებდა.









