ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მკვლევრებმა, ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში მოღვაწე კოლეგებთან და გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაციის დონე პირველად განსაზღვრეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი დედამიწისას 200-ჯერ აღემატება, რაც მომავალში დაგეგმილ მისიებში მონაწილე ასტრონავტებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე რადიაცია ჩინურ კოსმოსურ ხომალდზე Chang’e 4 დამონტაჟებული სპეციალური ხელსაწყოთი გაზომეს. კვლევის თანახმად, ადამიანის სხეულის შემადგენელი ქსოვილის მიერ მთვარეზე ყოფნისას ყოველდღიურად ათვისებადი გამოსხივების დოზა 1.3 მიკროზივერტია, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაფიქსირებულ მაჩვენებელს დაახლოებით 2.6-ჯერ, თვითმფრინავით მგზავრობისას ორგანიზმის მიერ შთანთქმული მავნე ნაწილაკების რაოდენობას კი 5-10-ჯერ აღემატება. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ექვივალენტური და ეფექტიანი მაიონიზებელი გამოსხივების დოზა სწორედ ზივერტებით იზომება. 1 ზივერტი 1 კგ ბიოლოგიური ქსოვილის მიერ შთანთქმული ენერგიის რაოდენობას უდრის, რომელიც ზემოქმედებით 1 გრ ფოტონური გამოსხივების შთანთქმას უტოლდება

რადიაციის წყარო სხვადასხვა სახისაა, მაგალითად კოსმოსური ან გამა-გამოსხივება, მზისგან გამოტყორცნილი ნაწილაკები და სხვა. მან ადამიანის ჯანმრთელობას ძალზე დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს და ისეთი დაავადებების მიზეზი გახდეს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, კატარაქტა და ესა თუ ის ნევროლოგიური დარღვევა. აქედან გამომდინარე, ციურ სხეულებზე, რომელთაც გამოსხივებისგან არც ატმოსფერო და არც მაგნეტოსფერო იცავს, ჩვენი ყოფნის დრო საკმაოდ შეზღუდულია. მთვარის შემთხვევაში ეს პერიოდი მხოლოდ 2 თვეს შეადგენს, იმ ორი კვირის ჩათვლით, რომელიც დედამიწიდან იქ გამგზავრებასა და უკან დაბრუნებას სჭირდება.
მეცნიერთა განცხადებით, ახალი აღმოჩენა NASA-ს პროექტ “არტემისის” ფარგლებში 2024 წელს ჩანიშნულ მთვარის მისიაში მონაწილე ასტრონავტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კოსმოსური ხომალდების დახვეწასა და მარსზე გასამგზავრებლად უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება.
popx.ge










