ნამოხვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია დაიგეგმა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მალხაზ მურუსიძე წერს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზოვთ:
“მეგობრებო მოგმართავთ ყველა შეგნებულ ქუთაისელს, ლეჩხუმელს და ზოგადად ქართველს: კვირას, 5 ივლისს, 2 საათზე ვიკრიბებით სოფელ ნამოხვანში, რათა გავაპროტესტოთ ნამოხვანჰესის უკანონო მშენებლობა. ძალიან გთხოვთ ყველამ გავიაზროთ რა საშინელ საფრთხესთან გვაქვს საქმე. უკვე ითქვა, რომ დაზიანების შემთხვევაში ქუთაისს 19 წუთში 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს. განადგურება ემუქრება მთლიანად რიონის ხეობას. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მტკივნეულ შეკითხვაზე ამ ჰესის ამშენებელ კომპანიას არავითარი კომპეტენტური პასუხი არ გაუცია მოსახლეობისათვის, არ გააჩნიათ კვლევაზე აგებული გარემოზე ზემოქმედების შედეგების დოკუმენტი, უკვე დაიწყეს აქტიურად მშენებლობა. ვისაც ამ ბოლო თვეებში ნამოხვანისკენ გიმგზავრიათ დამეთანხმებით თუ რა მძიმე დასანახია, როგორ დაბოგინობენ ჩვენს მიწაზე თურქები და ამ კურთხეულ მხარეს ღიმილიანი სახეებით ჩასაძირავად ამზადებენ. ნამოხვანი ქუთაისიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია. ნუ გავწირავთ ჩვენს ქალაქს და ჩვენს მხარეს. მობრძანდით და თქვენი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი დააფიქსირეთ, თორემ მალე შეიძლება ძალიან გვიან იქნეს. ნუ დავივიწყებთ რომ უფალი და სამშობლო დუმილითაც შეიძლება გაიცეს.
p.s. გთხოვთ ყველას: პოლიტიკური მიზნით აქციაზე არავინ მოვიდეს. ვიკრიბებით ყველა გულანთებული მამულიშვილი ვისაც საქართველოს მიწა-წყალი სტკივა.” – წერს სოციალურ ქსელში მალხაზ მურუსიძე.









