ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. ასსაფეხურიან კიბესთან შეკრებილმა საზოგადოებამ 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული მოვლენები და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
სოციალური დისტანციის დასაცავად ასსაფეხურიან კიბესთან სტიკერები დააკრეს. სტიკერებს შორის მანძილი 2-მეტრამდეა. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე განთავსდებიან. სახეზე კი ანტიოკუპაციური ნიღბით ეკეთ. სამოქალაქო აქტივისტების აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
გასული წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.
20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.









