ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორ რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც საქართველოს რეალურად მისცემს შესაძლებლობას დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი 13 ამერიკელი კონგრესმენის იმ განცხადებას, რომლის თანახმად „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.
სალომე სამადაშვილის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ ამერიკის კონგრესში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი სტრატეგიული ინტერესები რეგიონში.
ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების კიდევ ერთი, ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება, რითიც სრული ლუსტრაცია მოხდა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის, – ვაშაძის თქმით, ფაქტებით დასტურდება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროპულ ინტეგრაციაზე უარს ამბობს და რუსეთისკენ მიემართება.
ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და ამას მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მეგობრებიც,- ბოკერიას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი არის გზავნილი ივანიშვილისთვის.
კითხვაზე, ყოფილა თუ არა მსგავსი შეფასებები საქართველოს მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რომელიმე ხელისუფლების დროს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ, მოკლე მონაკვეთში“,- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ნათქვამია დოკუმენტში.










