ბათუმში, თევზის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე “თევზის კაფეში” აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
აფეთქება დილის 06:00 საათზე, კაფის სამზარეულოს ნაწილში მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
“აქ დილით არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, არავინ დაშავებულა. ეს კაფე თავად თევზის ბაზრობის მეპატრონეს ეკუთვნის. არ ვიცით სხვა დეტალები, ასეთი სურათი დაგვხვდა დილით”,- განაცხადეს თევზის ბაზრობაზე დასაქმებულებმა.
როგორც დასაქმებულები ამბობენ კაფეში ბუნებრივი აირი მოწესრიგებული იყო და სპეციალისტებმა გაზი სამი დღის წინ შეამოწმეს. მათი თქმით, კაფეს ადრე შენიშვნა ჰქონდა მიღებული და კაფეს ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხი გამოასწორა.
“კაფეში სამი დღის წინ ხელოსანი იყო მოსული და შეამოწმა. ჩვენ კარანტინის დროს არ ვმუშაობდით, 10 ათი დღეა რაც ვმუშაობთ. ხელოსანმა შეცვალა ყველაფერი. ამდენი ხანი კაფე ჩაკეტილი იყო და შეამოწმეს სპეციალისტებმა”,- აცხადებენ თანამშრომლები.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.










