საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრმა, სოლისტებმა და გუნდის მსახიობებმა ბაგრატის საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და „მრავალჟამიერი“ შეასრულეს. ცენტრალურ პარკში კი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
დღესვე საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ძეგლი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ქვეყანას 70 წელი დასჭირდა დამოუკიდებლობის კვლავ აღსადგენად. სიმბოლურია, რომ 26 მაისს დაიბადა მერაბ კოსტავა, რომლის სახელსაც უკავშირდება თავისუფლებისთვის მებრძოლი თაობის კონსოლიდაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ყავდა თავისი ეპოქის გამორჩეული გმირები, ადამიანები რომლებიც თავს სწირავდნენ სამშობლოსთვის. ეს სულისკვეთება თაობიდან თაობას გადაეცემა და დღეს ამაყი ვარ, ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც თავიანთ სიტყვას ამბობენ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის საქმეში. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს სამხედროებს და ოფიცრებს, რომლებიც ამაყად დგანან ქვეყნის სუვერენინტეტის სადარაჯოზე და თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მისიებში მშვიდობის და თავისუფლების განსამტკიცებლად! საუკუნოვანი ბრძოლის შემდეგაც, წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – საქართველოს გამთლიანება. დაე, მალე გვეზეიმოს ეს დღე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად!“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.









