ბიუროს სხდომაზე დღეს შეზღუდვების შემოღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განიხილავენ. ახალი კანონპროექტით, მთავრობას შეეძლება გარკვეულ ლოკაციაზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს.
კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდია, ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და განმარტავენ, რომ დამატებით ძალაუფლებას ხელისუფლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებამ ეს ნორმები არაკონსტიტუციურად გამოიყენოს.
“დიდი საფრთხეა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს ნორმები არამართლზომიერად, არაკონსტიტუციურად და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესაზღუდად გამოიყენოს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე პარლამენტის მხრიდან,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ საკუთარი ინიციატივა უნდა დაასაბუთოს, პარლამენტმა კი, გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღოს.
“მთავრობამ ყოველთვის უნდა დაასაბუთოს, რას რატომ აკეთებს და ეს უნდა დაუსაბუთოს საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს და პარლამენტმა ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხალხისა და მათი წარმომადგენლებისთვის ასეთი უფლების გამორთმევა და უბრალოდ პირდაპირ მთავრობისთვის გადაბარება ისე, რომ მერე აღარავის ჰკითხოს აზრი, არამარტო ამ მთავრობისთვის, არამედ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სახიფათო ტენდენცია იქნება,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
rustavi2.ge










