განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ნებისმიერ მოსწავლეს, გარდა მე-12 და მე-9 კლასელებისა, ვისაც ექნება წლიური ქულის ამაღლების სურვილი, მიმდინარე წლის 16-30 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართოს სკოლას. ამის შესახებ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზიული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეებს ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში შეეძლებათ.
„2020 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეები მიმართავენ სკოლას და სურვილს აფიქსირებენ. ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მოსწავლეს მიეცემა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, სექტემბრიდან. სექტემბერში როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება და ჩვენ, ყველას გვაქვს იმედი, რომ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს, იქ მათ მთელი სემესტრი ექნებათ, რომ აუჩქარებლად იმუშავონ ამ კომპლექსურ დავალებაზე და მათი ნიშნი დაიწერება მაქსიმუმ სემესტრის ბოლოს და ეს იქნება ალტერნატივა იმ მოსწავლეებისთვის, რომლემაც დააფიქსირეს ნიშნის ამაღლების სურვილი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.










