ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, უნივერსიტეტი თავდაპირველად სტუდენტებს სამ სპეციალობაზე მიიღებს, თუმცა, სპეციალობები დაემატება. „სექტემბერში როდესაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი ფუნქციონირებას და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებას დაიწყება ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის მთავარი მეგაპროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც პირველ ნაკადს მიიღებს ამ სექტემბერში სამ სპეციალობაზე და შემდგომ სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. უნივერსიტეტის პროექტის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაფძნებულია ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე, რომელიც შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დინის უნივერსიტეტი და რასაკვირველია, ის ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას გადაიყვანს თვისობრივად ახალ მაღალ ეტაპზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.










