საქარველოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება, თუმცა გაზრდილი საფასურით.
კლინიკის მეპატრონეები ფასის გაზრდას ახალი რეგულაციების დაწესებით ხსნიან.
ამბობენ, რომ მასალის ფასი მინიმუმ 30%-ით გაძვირდა, თავად კი, საფასურის 10%-ით გაზრდას ვარაუდობენ.
რა პრობლემები შეექმნათ და რას აპირებენ 22 მაისიდან, ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელს ესაუბრა.
„Best dent“
„ფასები ყველაფერზე გაგვიძვირდა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ პაციენტებთან. ფინანსური თვალსაზრისით, ყველას ძალიან უჭირს.
დავიწყოთ სადეზინფექციო ხსნარებიდან – მასალა, რომელიც ღირდა 20 ლარი, დღეს 50 ლარი გახდა.
პაციენტსაც ერთჯერადი ხალთათმანები სჭირდება. როცა ვიხდიდით 3 ლარს, ახლა 9 ლარამდე გაიზარდა. ექიმის ეკიპირება 30 ლარი ღირს, ისიც ერთჯერადია. არაფერს ვამბობ ბახილებსა და სხვა სადეზინფექციო ხსნარებზე.
ბჟენი, რომელიც ღირდა 100 ლარი, ფასმა 30-ით მოიმატა. 50 თეთრიანი ნიღაბი კი 1.80 თეთრი გახდა.
გვიწევს მაღალხარისხიანი და მაღალი ღირებულების მასალებით მუშაობა.
ასეთ პირობებში, ძნელია მომხმარებელმა ამხელა თანხა გადაიხადოს“, – ამბობს სტომატოლოგი ოთარ ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას.
კლინიკა „ადენტა“
„ძირითადად ეკონომიური პრობლემები შეგვექმნა. რასაც ვმუშაობდით, იმ დღესვე ვჭამდით და ფაქტობრივად, მშივრები დავრჩით.
ხმას არავინ იღებს, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით.
ასისტენტისთვის და ექიმისთვის შესაბამისი ეკიპირების ღირებულება რომ დავთვალე, 45-50 ლარამდე ჯდება. მასალებიც გაძვირდა. ყველა პაციენტზე ეს თანხა ემატება და ბუნებრივია, მათი რაოდენობაც შემცირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალზე უნდა ვიმუშაოთ. ამ წუთში ამბავი არარენტაბელურია. არ ვიცი, რა იქნება“, – ამბობს კლინიკის წარმომადგენელი, მანანა ბურჭულაძე.
„ლაივ დენტი“
„ვერ ვმუშაობდი, ესაა ერთადერთი პრობლემა რაც ამ პანდემიის დროს შემექმნა.
ფასები გაიზრდება, მასალები ძალან გაგვიძვირეს. ჯერჯერობით, ახალი მარაგი არ შემოუტანიათ. ფასის მომატება რატომ მოხდა, ჯერ არ ვიცი, ამას არავინ აკონტროლებს, სამწუხაროდ.
22 მაისიდან ჩვეულ რეჟიმში ვაპირებთ მუშაობის განახლებას. ჯერჯერობით, ფასების მომატებას არ ვგეგმავ. სანამ ძველი მასალები მექნება, ამოწურვამდე ძველი ფასის მიხედვით ვიმუშავებ.
მასალის გარდა, საჭიროა ეკიპირება. სავარაუდოდ, მთლიანი საფასურის 10% მოემატება მომსახურებას.
წარმოდგენა არ მაქვს, ხალხმა მომსახურების საფასური როგორ უნდა გადაიხადოს“, – ამბობს რუსკა მაქაცარია.
სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ქეთევან გოგილაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.
„100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა.
აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.
primetime.ge










