უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს და ქართული მხარის განცხადება ელჩის გაწვევის შესახებ „უკიდურესობაა“.
„ვფიქრობ, ეს განცხადება უკიდურესობაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია“ , – განაცხადა კრავჩუკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, ვინ, სად და როგორ დანიშნოს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას” სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.
მანამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია.