20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე – სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი, ეჰმეთ უიარი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.
ადვოკატ ანა თავხელიძის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულიი ქალის უფლებებს იცავდა, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სხდომა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს გაიმართა. ადვოკატის ინფორმაციით, სხდომას მეჰმეთ უიარი არ დასწრებია. ანა თავხელიძე ამბობს, რომ არ იცის იმყოფება თუ არა უიარი საქართველოში.
20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით”, – წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.
ყველაფერი 2025 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში საფეხბურთო კლუბ ლუსოს ფეხბურთელები და ადმინისტრაცია სეზონის წარმატებით დახურვას აღნიშნავდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ საღამოს დასასრულს 20 წლის ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა გამოძახებული ტაქსი გააუქმებინა და სახლში წაყვანა შესთავაზა.
“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით, ქალი სახლში კლუბის მფლობელის მძღოლს მიჰყავს, თავად თურქი ბიზნესმენი კი რესტორნიდან რამდენიმე წუთში გადის.
საქმეში მთავარი მტკიცებულებებიც სწორედ ამ დროიდან ჩნდება:
- ახალგაზრდა ქალი საკუთარ მეგობარს 01 საათსა და 45 წუთზე წერს და ეუბნება, რომ ის სახლში ტაქსით არ გაუშვეს, მარტო არაა, თურქ მძღოლს მიყავს და თუ საკუთარ სახლში არ მიიყვანდა თანაგუნდელებს აუცილებლად შეატყობინებდა.
- დაზარალებულის ტელეფონიდან გამოგზავნილი შეტყობინებების მიხედვით ის დანიშნულების ადგილზე უკვე 01 საათსა და 52 წუთზე მიიყვანეს. უცხო გარემოში მოხვედრის შემდეგ ქალი ფეხბურთელი კოლეგას ლოკაციას უგზავნის და ეუბნება რომ ეშინია.
- ამის შემდეგ დაზარალებულის ტელეფონზე 7 გამოტოვებული ზარია, რაც იმას ნიშნავს რომ 01 საათი და 52 წუთიდან , 02 საათსა და 16 წუთამდე დაზარალებულმა მეგობრებისთვის პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ბოლოს რაც მისწერა იყო ის რომ მას აუპატიურებდნენ და თანაგუნდელებს უთხრა, რომ ლოკაციით გაზიარებულ მისამართზე მისულიყვნენ. ამის შემდეგ დაზარალებულის მიერ გაზიარებულ ლოკაციაზე მისი ახლო მეგობრები დაიძრნენ.
ამასთან, “შაბათის ეთერმა” მოიპოვა 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმის მასალები, რაც პროკურატურამ სასამართლოში გადააგზავნა, დგინდება, რომ ქალმა პოლიციას იმავე დღეს მიმართა და გამომძიებელს დეტალურად უხსნის 9 დეკემბერს მომხდარ ამბავს.
დაზარალებული ფეხბურთელი ქალისგან განსხვავებით თურქი ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბის მფლობელი მეჰმეთ უიარი ჩვენებაში ამბობს რომ ეს არ იყო ძალადობა.
ფეხბურთელი ქალების ინფორმაციით, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში გავლენიანი ბიზნესმენი დაზარალებულს შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა და მისი დათანხმება საპროცესო შეთანხმებაზე სცადა. “შაბათის ეთერის” რესპოდენტების თქმით, გაუპატიურებულ ქალს თანხმობის შემთხვევაში ის 500 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა.










