ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია – უკვე დიდი ხანია, რაც ლარის კურსი მყარია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკა კარგად ვითარდება.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი კარგ ფორმაშია. რეზერვებმა 8.25 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს როგორც სავალუტო ფონდის, ისე საქართველოს კანონმდებლობის. უკვე დიდი ხანია, ლარის კურსი არის მყარი. რაც შეეხება სესხებს – ე.წ. ცუდი სესხები ჩამოსულია 2.4-ზე, რაც არის დაახლოებით ევროპული სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა კარგად ვითარდება და საბანკო სექტორი კარგად არის. გაცემული სესხები 78 მილიარდს გასცდა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად, არის ბიზნესსესხები. დოლარიზაცია 65%-დან 42%-ზე ჩამოვიდა. ანუ, ბიზნესი ლარს ენდობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დეპოზიტები. დეპოზიტები 77 მილიარდ 400 მილიონია და აქედან 39 მლრდ-ზე მეტი არის მოსახლეობის, ანუ ფიზიკური პირების. მოსახლეობას დეპოზიტებზე უდევს ასეთი რაოდენობის თანხა. გასათვალისწინებელია, რომ ამ 39 მილიარდიდან 13 მილიარდი არარეზიდენტებიც არიან, ანუ უცხოელებიც ენდობიან ლარს. საქართველოს მოქალაქეებს კი 10 მილიარდ დოლარზე მეტი უდევთ ანგარიშებზე“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ არაფერი ჰკითხეს დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმეზე.
„სანამ ქალბატონ ნანასთან დაკავშირებით არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რამე დააშავა. ნათია თურნავას რატომ უნდა ვკითხოთ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ადამიანი პარლამენტმა რომ დაამტკიცა?!
კორუფციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ არაა დამთავრებული. კარგია, როდესაც რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, გამოავლენენ, დაიჭერენ და ა.შ. ცუდი ის იყო, როდესაც ელიტური კორუფცია იყო, არავინ არავის იჭერდა და ერთმანეთში იყვნენ გარიგებული. ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ძალიან კარგია,” – განაცხადა კვიჟინაძემ.










