საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი როგორც ადვოკატის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულებს სამოქალაქო დავის წარმოებაში დახმარებასა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების გაწევას დაპირდა. წარსულში სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თითქოსდა სასამართლოში სარჩელების შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მისაღებად, მოქალაქეებს 21 000 ლარი გამოართვა. თუმცა, მოატყუა დაზარალებულები სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ. მას, არც სარჩელით მიუმართავს სასამართლოსთვის და დაარწმუნა დაზარალებულები, რომ განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა, რის დასადასტურებლადაც გადაუგზავნა სასამართლოს ყალბი გადაწყვეტილებები.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,”- აღნიშნულია განცხადებაში.










