პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი.
„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რეისების რაოდენობა გაიზარდა 16%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3.5 – კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც, ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება და ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან“. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მლნ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა და 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. ასევე, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, სახელმწიფოსთვის გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3.5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ.
თელავისა და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში. 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს რკინიგზაზე და აღნიშნა, რომ „თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია – 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა.
„ეს თანხები მთლიანად იქნება მიმართული მომავალში რკინიგზის განვითარებაში, რაც ეკონომიკის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულების შემცირებით დაიზოგა 190 მილიონ ლარზე მეტი. ამის ერთ-ერთი ბოლო თვალსაჩინო მაგალითი იყო ვაგონების შესყიდვა. მთლიანობაში ჩვენ უკვე შევისყიდეთ 200 ვაგონი, მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 200 ვაგონის შესყიდვა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, შუამავალი კომპანიის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო ეს შესყიდვა, თუმცა იმუშავა საქართველოს რკინიგზამ და პირდაპირ უშუალოდ უცხოური კომპანიისგან შეისყიდა ვაგონები, რის შედეგადაც ჯამურად 400 ვაგონზე დანაზოგი შეადგენს 15 მილიონ ლარზე მეტს. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომის გამოხატულება. ხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ ცვლილებებს აქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, მათ შორის ეს ყველაფერი გამოიხატება იმითაც, რომ სახელმწიფოს ეზოგება ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას დაემატება 50-მდე ახალი ლოკომოტივი.
„ასეთი რამ არ გაკეთებულა 90-იანი წლების დასაწყისიდან, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ასევე დამატებით იგეგმება 1800 ახალი ვაგონის და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა, ეს თვისებრივად გარდაქმნის რკინიგზის რესურსებს, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის. ასევე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ბაქო-თბილისი ყარსის ახალი რკინიგზა, რაც ჩვენი საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ასევე 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა თბილისსა და ბაქოს შორის, რასაც ასევე ჰქონდა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა. დასრულდა ისტორიული მოდერნიზაციის პროექტი რკინიგზაში შედეგად გამტარუნარიანობა სერიოზულად გაიზარდა და ასევე ქვეყნის გადაკვეთის დრო განახევრდა, რასაც თავადაც განსჯით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დაკავშირებადების ფუნქციის გაძლიერებისათვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდა 5,5 საათიდან 4 საათამდე.
„ესეც ნიშნავს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ისტორიული “კუკუშკის” აღდგენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ასევე თბილისი-ახალციხის სარკინიგზო ხაზი იყო სრულიად უფუნქციო, გაჩერებული, აღდგება და რაც იყო მანამდე გადაადგილების დრო 6 საათი, ეს დრო შემცირდება 3 საათამდე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სათანადო ვადებში განხორციელდება. გაციფრულდა სარკინიგზო სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 15 საათიდან 2 საათამდე. 7,5-ჯერ არის შემცირებული პროცედურების დრო, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადების ფუნქციის სათანადო რეალიზებისათვის. რკინიგზის წმინდა მოგება – რომ შევადაროთ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები გასული წლის 9 თვის მონაცემებს, არის გაორმაგებული, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მივიღეთ ჩვენ რკინიგზის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










