სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდულის“ მფლობელ გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.
„ფერმერის დღე 2026“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აგროსექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
ღონისძიება თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმში გაიმართა და მიზნად ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.
„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს, საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს, საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.










