ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს:
,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სოფელ გელავერში მდებარე სათევზიას მღვიმე.
აღნიშნულ მღვიმეში სპელეო კლუბ „ეგრისის“ და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ექსპედიციაში მივიღე მონაწილეობა, რომლის მიზანი მისი მდგომარეობისა და ტურისტული პოტენციალის შესწავლა იყო.
ჩემი სურვილი იყო პირადად ჩავრთულიყავი პროცესში და ადგილზე მენახა ის ბუნებრივი სიმდიდრე, რაც ხონს გააჩნია. მინდა ავღნიშნო, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მღვიმის სიგრძე 250 მეტრია, შიგნით გვხვდება საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, მათ შორის სხვადასხვა ფორმის ნაღვენთები, ალუვიური ნალექები, 12 მეტრი სიღრმის ჭა და მღვიმის ბოლოში არსებული ტბა.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხონის ტურისტული განვითარების შესაძლებლობები მხოლოდ უკვე ცნობილ და ათვისებულ ადგილებს არ დავუკავშიროთ. ჩვენი მუნიციპალიტეტის ბუნებრივი სიმდიდრეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სათანადოდ შესასწავლი და წარმოსაჩენია.
სათევზიას მღვიმესთან დაკავშირებით მიზანიც სწორედ ეს არის – შევისწავლოთ მისი შესაძლებლობები, გავითვალისწინოთ სპეციალისტების შეფასებები და შევქმნათ კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულება ხონში.
მჯერა, რომ ხონის ბუნებრივი რესურსების სწორად შესწავლა და განვითარება მუნიციპალიტეტში ტურიზმის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობას მოგვცემს. მინდა, ჩვენი მუნიციპალიტეტის ეს უნიკალური ადგილები უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და თითოეულ ასეთ შესაძლებლობას სათანადო ყურადღება დავუთმოთ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპელეო კლუბ „ეგრისის“ და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ბექა გოგილავას, ალიკა და დანიელ ბზეკალიებს და თამარ თოლორდავას საინტერესო ექსპედიციისთვის, პროფესიული ჩართულობისთვის და სათევზიას მღვიმეში მეგზურობისთვის.
თქვენი გამოცდილება და ცოდნა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენი საინტერესო და ჯერ კიდევ შეუსწავლელი შესაძლებლობა გვაქვს ხონში.” – წერა ხონის მერის ლადო ჯურხაძე










