შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული და არკვევენ, უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე, რომლის ახლობელიც, ისტორიკოსი გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“იმ დროს, როცა თბილისში ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, დამნაშავე გარბოდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დაუცველი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი საკუთარ ქალაქში, სახელმწიფოს სხვა “საქმეებიც“ ჰქონდა.
აი, ეს არის თქვენი პრიორიტეტების სურათი.
ქვეყანაში, სადაც მოზარდის სიცოცხლე შეიძლება წამებში დასრულდეს, სახელმწიფო რესურსი იხარჯება იმაზე, ვინ რა დაწერა კრემლის პროპაგანდისტზე.
რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული დანაშაულის პასუხისმგებლობა მის ჩამდენებს ეკისრება. მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გარემო, პრიორიტეტები, პრევენცია და მოქალაქის უსაფრთხოების განცდა.
და როცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური კომენტარების დევნისთვის მეტი მონდომება აქვს, ვიდრე ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე რეაგირებისთვის, კითხვა სრულიად ბუნებრივია: როგორ არ გრცხვენიათ?
17 წლის ბავშვის სიცოცხლე დასრულდა.
და ჩვენ ისევ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ (ჰო, მეც ისევ საქართველოში ვარ მთელი ჩემი არსებით) სადაც ძალაუფლება ხშირად ყველაზე მკაცრი სიტყვების მიმართ არის და ყველაზე უძლური იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლე უნდა დაიცვას!”
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









