გამთენიისას, გარდაბნის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ მარტოფში გამოძახება მიიღო — სუნთქვის გაძნელება.
ბრიგადას მისამართის მოძებნა არ გასჭირვებია.
მძღოლი, არჩილ ცოფურაშვილი, სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს იცნობს და ხშირად სწორედ მისი დახმარებით ადგენენ, კონკრეტულ მისამართზე რომელი ოჯახი ცხოვრობს.
ზარის ინიციატორთან დაკავშირებისას გაირკვა, რომ 112-ში თავად პაციენტი რეკავდა. ბრიგადა მისამართზე მალევე მივიდა. თუმცა, იქ უცნაური სიჩუმე დახვდათ. ჭიშკარი დაკეტილი იყო. ეზოშიც და სახლშიც ადამიანი არ ჩანდა.
მხოლოდ ძაღლის ხმა ისმოდა, რომელიც ხან ყეფდა, ხან ტიროდა და თითქოს დახმარებას ითხოვდა.
ბრიგადის წევრებს შესაძლოა ეფიქრათ, რომ პაციენტმა დახმარება აღარ ესაჭიროებოდა და უკან გამობრუნებულიყვნენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზარის ინიციატორი თავად პაციენტი იყო და ახლა არსად ჩანდა, მათთვის განსაკუთრებით საეჭვო აღმოჩნდა.
პარამედიკოსმა გიორგი გოგალაძემ ღობეზე გადაძრომა გადაწყვიტა. საკმაო სიმაღლიდან ეზოში გადავიდა და შიგნიდან დაკეტილი ჭიშკარი ბრიგადის სხვა წევრებს გაუღო. სახლის შესასვლელთან პაციენტი იპოვეს — ზღურბლთან, პირქვე დაცემული.
როგორც ბრიგადის წევრებმა ივარაუდეს, მამაკაცი სახლიდან გამოსვლას ცდილობდა, როდესაც გონება დაკარგა და დაეცა.
პაციენტს პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. სახის მიდამოში დიდი ზომის დაზიანება და სისხლდენა და გაფართოებული თვალის გუგები ჰქონდა. ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები. ექთანმა და მძღოლმა საჭირო აღჭურვილობა სწრაფად შემოიტანეს. პერიფერიული ვენის წვდომის უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყო მედიკამენტური თერაპია. მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ მონიტორზე პულსი აღდგა. ამასობაში ადგილზე მეზობლებიც შეიკრიბნენ. პაციენტი ფარზე გადაიყვანეს და მამაკაცი რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პაციენტი სახლში მარტო იმყოფებოდა. როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო და საბედნიეროდ, გონების დაკარგვამდე 112-ში დარეკვა მოასწრო.
ბრიგადის წევრები მის მდგომარეობას პერიოდულად კითხულობდნენ და თითოეული მათგანისთვის უდიდესი სიხარული იყო იმის გაგება, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და საბოლოოდ ის კლინიკიდან ბინაზე გაეწერა.
გარდაბნის მე-6 ბრიგადა
პარამედიკოსი -გიორგი გოგალაძე
ექთანი- თამარ ჯავახიშვილი
მძღოლი -არჩილ ცოფურაშვილი
See less










