აქცია ქუთაისის პროკურატურასთან – ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს.
ოჯახის წევრების თქმით, უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და დევნის ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
თემო ხადურის ოჯახს სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ ჩაბარდა.
დასკვნაში წერია, რომ გვამის ლპობიდან გამომდინარე თემო ხადურის სიკვდილის მიზეზის და თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ამავე დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა ქუთუთოებში, რომელიც სიკვდილამდე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
რატო მოკლეს? – დევნა იყო პოლიციელების ჩემ შვილზე და იქ დამთავრდა, აღარ ჩანს, თემო ხადურს ნახულობენ სამი დღის მერე, გვამს, გარდაცვლილს, ლპობის შედეგად ხალხო, ლპობის, არ დადგინდა, ლპობის შედეგად დედამ შვილი ვერ დავიტირე, გავუშვი საღსალამათი, ანგელოზი შვილი სახლიდან, ჩვენ ერთად გაზრდილები ვართ. ვერ გამაჩერებთ, გავგიჟდი უკვე, ამას თუ ელოდებოდით.
ანუ სამედიცინო ექსპერტი არის ჩემთვის არაფრის მომცემი, ნაბეგვი, გალახული, დარტყმული ბლაგვი საგანი და მერე ჩაგდებული წყალში, სამი დღის შემდეგ, სიცხეში, რომ ეს კვალი დაეფარათ,” – ამბობს თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი.
გარდაცვლილი კაცის ოჯახი აანონსებს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, თუ საქმეზე ხელახალ გამოძიებას არ აწარმოებენ.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.
მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.










