ირაკლი ღარიბაშვილი თავს “მორალურად განადგურებულად” მიიჩნევს – ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა.
უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსანი ციხიდან წერილების სერიის გაგრძელებას გეგმავს.
“მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი” – ამბობს ლილი გელაშვილი.
არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება.
როდის იქნება ეს თქვენთვის გახდება ცნობილი – დაველოდოთ, ეს გაცხადდება. მეორე განცხადებაში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. (კითხვა – რატომ გააქრო მისი განცხადებიდან ივანიშვილი?) ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა. დაასახელა, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და რომ ეს გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინ, ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო. მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი”. – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
“აბსურდი” – ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .










