ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) “მოვიდა დრო”, 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ არ იცის, ვინ დაწერა პოსტი მისი შვილის სახელით და პასუხს გამოძიებისგან ელის.
სოფო ბიბილაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გაუჩინარებული შვილის ანგარიშზე სოციალურ ქსელში ასეთი გზავნილი ჩნდება.
„წუხანდელი პოსტის შესახებაც სხვამ გამაგებინა. ეს ნამდვილად გურიკას ფეისბუკის გვერდია, მაგრამ არ ვიცი, ვინ შევიდა, როგორ შევიდა, რატომ დაწერეს, იმედია, გამოძიება დაადგენს. პირადად მე, გამოძიება ჯერჯერობით არ დამკავშირებია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „ინფორმაციას ამოწმებენ“. სხვა დეტალები, ამ დროისათვის უცნობია.










