რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც უკვე შავრაზმელ “ქოცებშიც”, რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.
როგორც გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო, გვარამია იმედოვნებს, რომ იმ წყალს მოუყვება, რომლის „პირასაც ყველანი ჩამოვსხდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების “გვამების” ჩამოცურებას“.
„რა გავიგეთ ღარიბაშვილის მომართვიდან (თუ ეს წერილი ნამდვილია): მოძალადის მიმართ მსხვერპლის მონური მორჩილება საზიზღრობაა და ვერაფერს ვერათუ ვერ შველის, პირიქით, უარესს შვრება ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილთან ვაჭრობა, კიდევ მეტს მოგისჯი, თუ პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლის გარანტიებს არ მომცემო, იმას ადასტურებს, რომ მისი დაჭერის მოტივი არა კორუფციონერის დასჯა ან ზოგადად კორუფციასთან ბრძოლაა, არა რაიმე საჯარო თუ სახელმწიფო ინტერესია, არამედ ბიძინას პირადი პოლიტიკური ინტერესი, მოიცილოს პოლიტიკური მოწინააღმდეგე (როგორც ის თვლის). და კი, ასეთ შემთხვევებში დაჭერილი პოლიტპატიმრად ფასდება საერთაშორისო სტანდარტებით, გინდა ღარიბაშვილი იყოს გვარად და გინდა ჯონ სმიტი, გინდა ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული და გინდა არა) როგორც ჩანს, რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. თანაც, უკვე თავის შავრაზმელ ქოცებშიც, რახან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის “დაუმარხავი მიცვალებულია”, არავის რომ არ უნდა, ყველა რომ მის მოშორებას ცდილობს და დაჭერილი ღარიბაშვილიც კი რომ ჯობნის ქოცების გულებში, ამიტომაც, მალე “დამარხავენ”.
როგორც ჩანს, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ბოლო 1 კვირაა ცირკულირებს: ღარიბაშვილის ცოლის ძმის, მისი სიმამრის და მამამისის (ანუ ღარიბაშვილის სიმამრის) სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, ქონებების აღწერის და დაუსრულებელი დაკითხვების თანხლებით. ასევე გავრცელდა ტრაგიკული ამბავი, თითქოს ლექსო თამაზაშვილის სიმამრმა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და თვითმკვლელობა სცადა, რაც, რაკიღა აქამდე არ დადასტურდა, ალბათ, და საბედნიეროდ ტყუილია. ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვსხდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების “გვამების” ჩამოცურებას. P.S. იმედია, სანდო და უშიშარი ადვოკატი გამოინახება ციხიდან სიმართლის გამოსატანად. არ მგონია, ვინმემ უარი უთხრას პატიმარს“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.










