იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება – იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება.
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა.
ქვეყნის მასშტაბით, 77 ახალი M3 ტიპის საქალაქო ავტობუსიდან იმერეთის რეგიონში ჭიათურას – 8, სამტრედიას – 4, საჩხერეს – 3, ხარაგაულს – 3, თერჯოლას – 2, ხონს -2, ზესტაფონს – 1 და ტყიბულს – 1 ავტობუსი გადაეცემა.
ავტობუსების შესაძენად ტენდერის საერთო ღირებულება 32 მლნ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ჯამში 78 ახალი მიკროავტობუსიდან იმერეთში მიკროავტობუსები გადაეცემა ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს 3-3, ხოლო ბაღდათის, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტებს 2-2. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 მლნ ლარამდეა.
ახალი სატრანსპორტო საშუალებები თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.










