მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (11.8 გარდაცვალების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე) დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 4.5 გარდაცვალების შემთხვევას 100,000 მოსახლეზე.
გარდა ამისა, მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მაჩვენებელი – 11.8, მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის – 4.5 და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო ნიშნულს – 9.7.
“მიუხედავად საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრის სირთულისა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ფატალური და სერიოზული დაზიანების გამომწვევი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილება. საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას გააჩნია პირდაპირი და ირიბი დადებითი გავლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ტურიზმის დარგებისთვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას და ამავე დროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, რასაც ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის N517 დადგენილება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ და 2025-2028 წლების საქართველოს სამთავრობო პროგრამა – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, – აცხადებს მთავრობა გამოქვეყნებულ სტრატეგიაში.










