გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საქმეში გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვახტანგ მთივლიშვილი ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელის მამას, მიხეილ მთივლიშვილს, საქმის გასარჩევად სოფელ ჩუმლაყიდან ვეჯინში მიაკითხეს.
გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ვახტანგ მთივლიშვილმა მამის დაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში“ მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, კაცს ბარძაყის არეში ნატყვიარი ჭრილობა აღენიშნება, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოცემის ცნობით, პოლიციელი სავარაუდოდ დაკავებულია.










