საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ექვს თვეში საარსებო შემწეობა 126 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა.
კერძოდ, 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 710 226-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ივნისში 584 137-ს გაუტოლდა. მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 126 089 ადამიანით შემცირდა.
რომ გადავხედოთ თვეების მიხედვით მონაცემებსაც, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად ფიქსირდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის კლება.
- იანვარი – 710 226 ადამიანი;
- თებერვალი – 709 458 ადამიანი;
- მარტი – 667 793 ადამიანი;
- აპრილი – 645 920 ადამიანი;
- მაისი – 605 033 ადამიანი;
- ივნისი – 584 137 ადამიანი.
შეგახსენებთო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“
ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.
bpn.ge










