საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 6 მჭიდი და 236 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










