სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო – ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომ ის მხარს მიჭერდა მე როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია რომ აუცილებელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის. მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის. ჩემი 2 წლიანი ვადა, რომლითაც პარტიულმა ყრილობამ 2024 წლის 8 ივლისს ამირჩია, დაახლოებით ერთ თვეში იწურება, ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით და სწორი მიდგომით, ხედვით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის გალიერების მიზნით, რეფორმები გაგვეტარებინა.
სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას თქმით, “პოლიტპატიმრების” გასათავისუფლებლად და ქვეყნის გამარჯვებისთვის ბრძოლა გაგრძელდება.
“რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთი გავჩერდებით, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ ელენეს [ხოშტარიას] ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, მისი გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ყველა პოლიტპატიმრის ციხიდან გამოშვებისთვის და ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული ისე, როგორც არასდროს”, – დასძინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი არის.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა. სააკაშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.










