თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით არის გაზრდილი. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.
მაგალითისთვის, მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოსადგურ „ოკრიბაში“ განუცხადეს, მარტვილისა და ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობის ფასი 30 ლარია, იქამდე კი 25 ლარი იყო.
მგზავრობა გაძვირდა ოზურგეთის მიმართულებითაც. თუ აქამდე თბილისში, სადგურის მოედნიდან ოზურგეთამდე მგზავრობა 30 ლარი ღირდა, ახლა ფასი 35 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და ნავთობის გაძვირების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასის ზრდამ, მგზავრთგადაყვანის ღირებულება გააძვირა.
„ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო, მგზავრობა გაძვირდა კახეთის სხვადასხვა სოფლის, ჭიათურის, ბაკურიანისა და სხვა მიმართულებებით.
გასულ პერიოდში ტარიფები მგზავრთგადამყვანმა კომპანიებმაც შეცვალეს. Metro Georgia-მ, Omnibus Express-მა და Georgian Bus-მა, ქვეყანაში საწვავის გაძვირების გამო, მგზავრობის ღირებულება ყველა მიმართულებაზე 5 ლარით გაზარდეს.









