პოლიციამ ბათუმში 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი პირი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.










